15/07/2026
14 ივლისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მშენებარე წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ დაათვალიერეს.
პროექტი ხორციელდება საქართველოს პარლამენტის წევრი, ქობულეთის დელეგატის გიორგი ჭყონიას ინიციატივითა და GZA Holding და Tower Group • თაუერ ჯგუფი აქტიური მონაწილეობით. გიორგი ჭყონიამ სტუმრებს პროექტის მიმდინარეობა, განხორციელების ეტაპები და სამომავლო განვითარების გეგმები გააცნო.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, პროექტის განვითარების ეტაპებსა და კომპლექსის სამომავლო ფუნქციებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტის მნიშვნელობაზე, რეგიონის სულიერი, საგანმანათლებლო და კულტურული განვითარების მიმართულებით.
მასშტაბური საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსი გააერთიანებს სამ გუმბათოვან ტაძარს, სამრეკლოს, სატრაპეზოსა და გიმნაზიას. გიმნაზიის შენობაში განთავსდება ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ტრადიციულ რელიგიურ დისციპლინებთან ერთად შესაძლებელი იქნება კომპიუტერული მეცნიერებების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სხვა აქტუალური მიმართულებების შესწავლა.
GZA Holding-ისა და Tower Group • თაუერ ჯგუფი-ის მიერ განხორციელებული პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში შექმნის მნიშვნელოვან სულიერ, საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განვითარებას, ცოდნის მიღებასა და ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებას.
პროექტი წარმოადგენს ტრადიციული ღირებულებებისა და თანამედროვე შესაძლებლობების ერთიან სივრცეში გაერთიანების მაგალითს, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონის განვითარებაში და შექმნის ახალ შესაძლებლობებს განათლების, კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართულებით.